პრემიერმა გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
გუდამაყარში, სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, დღეს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნად ისახავს მთიანი დასახლებების გაძლიერებასა და კიდევ უფრო განვითარებას, სოფლებიდან წასული მოსახლეობისთვის მშობლიურ მხარეებში დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნასა და აქ არსებული ტურისტული პოტენციალის ზრდას.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მთის ინტერნეტიზაციის” პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს და რომლის შედეგად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობებში იქნება ხელმისაწვდომი.
გუდამაყარში სოფელ ზანდუკის სკოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომელშიც 5 მოსწავლე სწავლობს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის – განათლების რეფორმის მნიშვნელობას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ განათლების ხელმისაწვდომობაა.
პრემიერმინისტრი გუდამაყარში ვიცეპრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გუდამაყრის გზის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების შესახებ ესაუბრა. რეგიონში მთავრობის მეთაურთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, დეპუტატები – ირაკლი ტრიპოლსკი და მირიან წიკლაური, პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბარი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი ჩავიდნენ.