ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში – მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ტელევიზიისა და ონლაინგამოცემების ჟურნალისტებისთვის სოციალურ მედიაში ამბის თხრობის გზებზე ორდღიანი ვორქშოპი ჩაატარა. როგორც “კვირას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ჟურნალისტებმა გამოცდილ ტრენერთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და სოციალურ პლატფორმებზე მათი განთავსების ეფექტიან ფორმებზე იმუშავეს. ტრენინგი ისეთ კონკრეტულ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა თემების გაშუქების სტრატეგია და აუდიტორიის ანალიზი, ასევე, ამბის გადმოცემის ისეთი გზები, რომლებითაც სოციალურ მედიაში აუდიტორიის მაღალი ჩართულობა მიიღწევა. ტრენინგში მონაწილეობა 10-მა ჟურნალისტმა მიიღო. ინტერნეტის მომხმარებლების ზრდასთან ერთად, ინფორმაციის გავრცელებისთვის სოციალური მედია სულ უფრო აქტუალური პლატფორმა ხდება, რაც ტრადიციული მედიისთვის დიდი გამოწვევაა, ვინაიდან სოციალური მედიის აუდიტორია და ამბის თხრობის ფორმა საგრძნობლად განსხვავდება ტრადიციულისგან. ქართული მედია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ სოციალური მედია ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია დამატებითი ცოდნის მიღება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. ამ მიზნებიდან გამომდინარე, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა მიეღოთ. ჟურნალისტებმა ციფრული მედიის საკითხებში გამოცდილ და კვალიფიციურ ტრენერთან, გიორგი გოგუასთან ერთად ორი დღის განმავლობაში იმუშავეს.