დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე – ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, ქალაქ რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს – ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს, ასევე, თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს კანონის ძირითადი მიმართულებები და ახალი რეგულაციები პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააცნო.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერითა (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებ, ასევე, ისაუბრეს რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გიორგი ბეგაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა – ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ბექა ფერაძემ.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტმა თებერვალში ახალი კანონი მიიღო. კანონმდებლობა ახალ რეგულაციებს აწესებს, რომელთა მიზანია წლების განმავლობაში მოშლილი შრომითი ურთიერთობების ახალ სტანდარტებზე აყვანა. აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი უსაფრთხოების ჩამოყალიბება კანონის მიღებით არ მთავრდება და ახლა აუცილებელია კანონის იმპლემენტაციის პროცესის სწორად წარმართვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონმა უზრუნველყოს როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე – ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, კანონის აღსრულების პროცესში პერიოდულ შეხვედრებს ვმართავთ, რათა დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის მჭიდრო კომუნიკაცია არსებობდეს და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა მოხდეს”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები