პრემიერმა ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს – დავით თათვიძესა და კესარია მგელაძეს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერმინისტრმა ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს – 6 წლის დავით თათვიძესა და 9 წლის კესარია მგელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ტიტული რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს.
მამუკა ბახტაძემ მოჭადრაკეებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს.
„საქართველო არის ჩემპიონებისა და ყველაზე ნიჭიერი ადამიანების სამშობლო და კესარიასა და დათოს მიღწევები სწორედ ამის მაგალითია. განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ სკოლებში უნდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ჭადრაკში. იმ საზოგადოებაში, სადაც ჭადრაკი პოპულარულია, ადამიანური კაპიტალიც და ნიჭიც ყველაზე მეტად ვითარდება”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ქუთაისისა და ბათუმის დიდ საჭადრაკო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და ქუთაისელი დავით თათვიძისა და ბათუმელი კესარია მგელაძის მშობლებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა.
პრემიერმინისტრმა პატარა ჩემპიონებს წარმატებები უსურვა ევროპის ინდივიდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ქალაქ ბრატისლავაში პირველ აგვისტოს დაიწყება.