„ერთეულები იშოვნიან ფულს, ხოლო ხალხი გაყვლეფილი დარჩება“ – ალექსანდრე კობაიძე „სისტრას“ ინიციატივაზე

„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, ალექსანდრე კობაიძე იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც  თბილისში სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს დედაქალაქის შემოსასვლელებთან დატოვებს.
როგორც კობაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ინიციატივა მონოპოლიის საფრთხეს აჩენს. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში  მგზავრები დაზარალდებიან – შეექმნებათ დისკომფორტი და მგზავრობისთვის მეტი თანხის გადახდა მოუწევთ.

„თქვენი ყურადღება მინდა, გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე, რამაც შესაძლებელია, მოახდინოს მთელი სატრანსპორტო კომპანიების მონოპოლიზაცია. მოგეხსენებათ, კომპანია „სისტრამ“ დასკვნა წარმოადგინა, თითქოსდა, კარგი იქნება, თუ ყველა რეგიონიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს, მხოლოდ თბილისის შემოგარენში გაჩერდებიან და უკვე აქედან მოხდება შიდა ტრანსპორტზე გადასხდომა და კონკრეტულ ადგილამდე გამგზავრება. ეს ინიციატივა აბსოლუტურად გაუგებარია. სამწუხაროა, რომ მერია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
მიმაჩნია, რომ მგზავრებს შეექმნებათ დისკომფორტი, გაცილებით მეტ თანხას გადაიხდიან მგზავრობისთვის.
იმედს გამოვთქვამ, რომ ეს კახა კალაძის ინიციატივა არაა. იმედს გამოვთქვამ, ამ ყველაფერზე იქნება ხისტი პასუხი, რომ მსგავსი პროექტი არ უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდება როგორც დასაქმებული – მძღოლი, ისე – მგზავრები. ერთეულები იშოვნიან ფულს, ხოლო ხალხი გაყვლეფილი დარჩება. მერიას მოვუწოდებ, მსგავსი პროექტი არ განიხილოს“, – განაცხადა კობაიძემ.
ცნობისთვის, თბილისში  სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს.
„ეს არის სენსიტიური საკითხი. ჩვენი, ხაზს ვუსვამ – ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა, სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში“, – განაცხადა აბესაძემ.
თუმცა, როგორც აბესაძე ამბობს, მგზავრობის საფასური მოსახლეობას არ გაუძვირდება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსთავიდან თბილისამდე გადადგილების საფასური შეიცვლება, რადგან მძღოლს მთელი ქალაქის გამოვლა აღარ მოუწევს და მგზავრს თბილისის შემოსასვლელთან დატოვებს – დადგენილ სატერმინალო სადგურთან. ამის შემდეგ მგზავრი თბილისის ტარიფით იმგზავრებს უშუალოდ თბილისში. თანხობრივად არაფერი იცვლება. ერთადერთი ის შეიცვლება, რომ მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები. ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა”, – განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები