აგვისტოს ომზე უტიაშვილის განცხადებას მის სახლთან გააპროტესტებენ – “მან ბოდიში უნდა მოიხადოს” (ვიდეო)

გორის მკვიდრი, პაატა მაჩიტაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში შოთა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებას შინდისის გმირების მემორიალიდან აპროტესტებს და მის სახლთან დღეს აქციას აანონსებს.
„ამ ადამიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოსთვის ყოფილა კარგი და ამოსუნთქვა. მე ვარ ქალაქ გორიდან – იმ ქალაქიდან, რომელზეც რუსულმა აგრესიამ და ბომბებმა პირდაპირ იქონია გავლენა. ახლა მე ვიმყოფები შინდისის გმირების მემორიალთან – იმ ბიჭების მემორიალთან, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას გმირულად შესწირეს თავი. მათ ეს იმისთვის არ გაუკეთებიათ, რომ ვიღაცას წლების შემდეგ ასეთი სამარცხვინო განცხადება გაეკეთებინა. შოთა უტიაშვილმა აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. მე და ჩემი თანამოაზრეები, რომლებიც, საბედნიეროდ, ძალიან ბევრნი ვართ, დღეს შუადღით აუცილებლად ჩამოვალთ თბილისში და ჩვენი ჯანსაღი პროტესტის გამოხატვას მის სახლთან გავაგრძელებთ მანამ, სანამ ეს ადამიანი ბოდიშს არ მოიხდის. მე არ ვიცი, ეს ადამიანი სად იმყოფებოდა აგვისტოს ომის დროს, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ მე და ჩემი მეგობრები სწორედ აქ ვიყავით, გორში და ჩვენ  თვალწინ ხდებოდა ეს უბედურება. ასეთი სახის განცხადება არავითარ შემთხვევაში   უნდა გააკეთოს ქართველმა კაცმა“, – აცხადებს “ფეისბუქზე” გავრცელებულ ვიდეოში პაატა მაჩიტიძე.
შოთა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „აგვისტოს ომმა თავისი ყველა პლუს-მინუსით საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა“, სოციალურ ქსელში აღშფოთება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები