ნონა შონია განათლების მინისტრს: ამ გადაწყვეტილების მიღებით თქვენ გაახარეთ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლების კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და პედაგოგები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი – ნონა შონია ეხმაურება. ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს და მინისტრს მადლობას უხდის.
„ბატონო მინისტრო, ამ გადაწყვეტილების მიღებით თქვენ გაახარეთ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლების კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, პედაგოგები! გაიგოს ყველამ: იქ, სადაც ასეთი თანადგომაა, სადაც ასეთი მხარდაჭერაა და მზრუნველობა, ვერანაირი ბარიერი, ვერანაირი დაბრკოლება ხელს ვერ შეუშლის ახალგაზრდობის ლტოლვას ქართული საგანმანათლებლო სივრცისკენ, ხარისხიანი განათლებისკენ, უკეთესი მომავლისაკენ! მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის!!!“, – აცხადებს ნონა შონია.
შეგახსენებთ, რომ, მინისტრის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. გარდა ამისა, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორციელებს.