გია ვოლსკი: ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს მიუხედავად იმისა, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე განაცხადებს თუ არა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს მიუხედავად იმისა, ამის შესახებ “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებელი – მამუკა ხაზარაძე განაცხადებს თუ არა. მისივე თქმით, ყველა შესაძლო დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
„ვხედავ ჯგუფს, რომელიც ადრე ხელისუფლებაში იყო, ახლა ოპოზიციაშია და მისი ინტენსიური მცდელობაა, ქვეყანა როგორმე დააზარალოს. ქვეყანა ვალდებულია, ყველა სახის შესაძლო დანაშაულს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გასცეს. ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს მიუხედავად იმისა, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე განაცხადებს თუ არა. პროექტის მენეჯმენტი ერთია, მაგრამ პროექტის მთავარი წამყვანი სახელმწიფოა, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს. ამ ინტერესებს ყველა მისი პარტნიორი ქვეყნა ითვალისწინებს. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და არა – ვინმე კერძო პირის, თუნდაც, ყოფილი მენეჯერის”, – აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.
​პროკურატურის ინფორმაციით კი უწყებამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაულზე გამოძიება სსკ-ის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები