Euronews-ი ქართულ ენაზე მაუწყებლობას იწყებს
ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო არხი, რომელიც, ამჟამად, 14 ენაზე მაუწყებლობს, „სილქნეტთან“ მიღწეული შეთანხმების შედეგად,საკუთარ ბადეს ქართული ენას დაამატებს.
„Euronews საქართველოს“ მაუწყებლობა ქართულ ენაზე, Euronews-ის ინფორმაციასთან ერთად, 20 % საქართველოს ამბებს დაეთმობა.
“Euronews”-ის კონტენტი შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი სიახლეებისგან. Euronews-სსა და „ევრონიუს საქართველოს“ ექნებათ საერთო კონტენტი.
„სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ევრონიუსი უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს რა ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები). როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსმა განაცხადა, „ევრონიუსში ჩვენ 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას“.
Euronews-ი ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც წვდომის კუთხით მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს.
„ევრონიუსი“ მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად, თითქმის, 400 მლნ ოჯახსა და 135 მლნ ადამიანს აწვდის ინფორმაციას.
არხი 14 სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს.