თამარ ჩუგოშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: დანაშაული თუ დადგინდა და არ დარჩა ეჭვი, ვერანაირი საქმიანობა გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ გამოძიებამ დაადგინა დანაშაული და არ დარჩა ეჭვი, ვერანაირი საქმიანობა გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არავის საკუთრებაა და ის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ანაკლიის პროექტი არის სახელმწიფოს დაკვეთა, რათა გაიზარდოს ქვეყნისთვის გამტარუნარიანობა და შესაბამისად, ტრანზიტის შესაძლებლობები, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ანაკლიის პროექტზე საკითხის ისე დაყენება, თითქოს, ეს ეკუთვნის ან ერთ კომპანიას, ან ერთ პირს, ან რამდენიმეს – შეუძლებელია. ეს არის სახელმწიფო პროექტი და სახელმწიფო აკეთებდა ყველა ეტაპზე მაქსიმალურს, რომ ხელი შეეწყო კომპანიისთვის, რომელიც არის განმახორციელებელი. ანაკლია არ არის არავის საკუთრება. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საკითხს, რომელსაც წარმართავს პროკურატურა და ახლა უკვე გადასულია სასამართლო სისტემაში – ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება, რადგან მე არც პროკურატურის წარმომადგენელი ვარ და არც – სასამართლოსი. მე ვარ პარლამენტის წევრი, რომელსაც არც მაქვს ხელმისაწვდომი ინფორმაციები კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი ვერ მექნება. მაღალი სტანდარტით ყოველგვარი ეჭვის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები თუ დასტურდება და ამას დაადასტურებს სასამართლო, მაშინ სხვადასხვა პროექტი იმუნიტეტი ვერ გახდება ვერცერთი პირისთვის. დანაშაული თუ დაადგინა და არ დარჩა ეჭვი, ვერანაირი საქმიანობა გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.