შალვა თადუმაძე: ფინანსური დამოუკიდებლობისთვის სასამართლოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ ფინანსური დამოუკიდებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამისათვის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია.
„სტრატეგიულად გიპასუხებთ, ვფიქრობ, სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უპირობოდ უნდა იყოს კოორდინაცია; თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ საბჭოსთან შეთანხმებით შეიძლება წინა წლის ბიუჯეტის შემცირება, რისთვისაც აუცილებლად უნდა იყოს სრული კოორდინაცია.
ფინანსური დამოუკიდებლობის ნაწილში სასამართლოს ხელისუფლების აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თადუმაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გაუსაუბრება უკვე 12-მა კანდიდატმა გაიარა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.
საბჭო დღეს კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრება.14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს; 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს, გიორგი თევდორაშვილს გაესაუბრება.
ყოფილი ადვოკატი, შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.