პოლიციის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით, საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს 

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი – “ტერორიზმი და იმპოსტერები” გაიმართა. სწავლება ამერიკის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

სასწავლო კურსს ამერიკელი ტრენერები უძღვებოდნენ. სწავლების მონაწილეებმა,რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მსახურობენ, გაიღრმავეს ცოდნა, თუ როგორ ამოიცნონ და ქვეყანაში არ შემოუშვან ე.წ. იმპოსტერი – პირი, რომელიც სხვისი სამგზავრო დოკუმენტის მეშვეობით, ცდილობს ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და თავს  აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელად ასაღებს.

ტრენინგის მიზანი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლისა და უსაფრთხოების მიმართულებით სასაზღვრო გამტარ პუნქტში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება, ასევე, მათთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა, გურამ დავითაშვილმა ტრენინგის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი