არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
კონგრესმენებთან – ჯერი კონოლისსა და ადამ კინზინგერთან, ასევე, სენატორებთან – მარტინ ჰეინრიხსა და ტოდ იანგთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასა და მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს. ხაზი გაესვა აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობას.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაცია და რუსული დეზინფორმაცია, როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევა.
​კონგრესმენებსა და სენატორებთან გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესიც. კონგრესმენებმა და სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს.
არჩილ თალაკვაძემ მასპინძელ მხარეს ჩვენი ქვეყნის ორპარტიული მხარდამჭერი აქტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, „საქართველოს მხარდამჭერი აქტი”, რომელსაც კონგრესში კენჭი უახლოეს მომავალში ეყრება, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა აშშ-სთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები