გია ვოლსკი: ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს არ სჭირდებათ მინისტრი, რომელიც პარლამენტის, სახელმწიფო დაწესებულების შტურმით აღებას არ დაუშვებს

0

“ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს არ სჭირდებათ მინისტრი, რომელიც პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების შტურმით აღებას არ დაუშვებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის თემის ინტენსივობა განპირობებულია იმით, რომ ტოლობის ნიშანი დაისვას 2011 წელს პოლიციის მოქმედებასა და შტურმის მოგერიების დროს მოქმედებას შორის.
„თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის თემის ინტენსივობა განპირობებულია იმ სურვილით, რომ როგორღაც ტოლობის ნიშანი დაისვას დანაშაულებრივ ქმედებებს შორის, რომელიც პოლიციას 2011 წელს, ასევე, სხვა წლებში ჰქონდა და რომელიც შტურმის მოგერიების დროს ჰქონდა პოლიციას. წინა ხელისუფლების პერიოდში სისტემური დანაშაული ხდებოდა, რომელიც გამიზნული პოლიტიკა იყო, ამ შემთხვევაში კი გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, რაზეც გამოძიებაც მიმდინარეობს და წაყენებული აქვთ ბრალი გარკვეულ ჩინოსნებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს ორი თემა საგანგებოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ოპონენტებისთვის.
„სამწუხაროა, რომ ამ პათოსს გარკვეული ადამიანები შეუგნებლად მიჰყვებიან, თუმცა საჭიროა ხალხის მეტი ინფორმირება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა დღეს სამშობლოს ღალატი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი