უზენაესმა სასამართლომ „ბაღების საქმის“ განუხილველად დატოვების განჩინება გააუქმა და საქმე არსებითი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების – საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის წარმომადგენლის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება საქმის განუხილევლად დატოვების თაობაზე და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთება და მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს წარედგინა საქმის განუხილველად მიჩნევის საფუძვლებისა და მიზეზების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, საქმეს არსებითად განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა მიიღო.
„საზოგადოებისთვის „ბაღების საქმის“ სახელით ცნობილ დავაზე გასაჩივრებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება (ყოფილი მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი), რაც კრიტიკას ვერ უძლებს, თავშივე იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის სწორ სამართლებრივ დასკვნებს. სარჩელით მოთხოვნილია ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად.
მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოქმედება გამაოგნებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა და სარჩელი ნაწილობრივ ცნო. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილება საფუძვლიანს ხდის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა მიკერძოებული და ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა. მოსამართლემ ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების დაძლევა ხაშურის თვითმმართველობის მიმართ. დადგენილია, რომ ყოფილი მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად (თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, საქმე არ აიცილა), ხოლო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების – საბავშვო ბაღების გაერთიანების დამფუძნებელი სწორედ მუნიციპალიტეტის მერიაა.
კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას“,- ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე), თეა სოხაშვილ-ნიკოლაიშვილი და ამირან ძაბუნიძე განიხილავს. საქმეზე მომავალი სხდომის თარიღი საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები