მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შს სამინისტროა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ  ტელეკომპანია „პირველის” ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუ შეაფასა.
„20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის შენობიდან ვაკვირდებოდი და ჩემი თვალით ვიხილე, თუ რა ხდებოდა. გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახეზე იყო საშიშროება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ელოდა მაშინ, როდესაც ყოვლად უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა მოინდომეს მშვიდობიანი მიტინგის ძალისმიერი პროცესებში გადაყვანა. აღნიშნულ ქმედებებს, პირველ ყოვლისა, პოლიციელებზე შტურმი და პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობები მოყვა. აქვე მინდა, გამოვეხმაურო იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებიც განვითარებული მოვლენების შემდეგ დაისვა – რა მოხდებოდა, თუკი ხალხი  საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრებოდა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ წლების წინ სწორედ მსგავს ქმედებებს სამოქალაქო ომი, ქვეყნის და მისი ინსტიტუციების ჩამოშლა მოჰყვა“, – აღნიშნა ყაველასვილმა.

მისი თქმით, მომხდარ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, თუმცა, მისივე განცხადებით, უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპორციული ძალის გამოყენებას.
„მინდა განვაცხადო, რომ, სამწუხაროდ, მიტინგის დაშლის პროცესში დაზიანებები მიიღეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ასევე – პოლიციის თანამშრომლებმა და ყველა ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვარ, გუშინდელი ეთერის შემდეგ  საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა”, – განაცხადა დეპუტატმა.
მიხეილ ყაველაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზა აქვს არჩეული, შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს მისი ინსტიტუციებიც და სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც მუდმივი რეფორმირების პროცესშია და ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი, გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლების დროს ყოველთვის საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები