დავით მათიკაშვილი: გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა აბსურდულია და იმ დესტრუქციული ძალებისგან მომდინარეობს, რომლებმაც20-21 ივნისს შტურმს ორგანიზება გაუკეთეს

0

გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა არის აბსურდული, ეს არის ზუსტად იმ დესტრუქციული ძალებიდან მომდინარე, რომლებმაც გაუკეთეს ორგანიზება 20-21 ივნისს შტურმს და ძალადობრივ ქმედებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დესტრუქციული ძალის მიზანია, პოლიციის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული.

„გიორგი გახარია და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მათ ქვეყანა იხსნეს იმ დესტრუქციისგან და აგრესიისგან, რომელიც მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარდა მოვლენები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც დესტრუქციული ძალის მცდელობა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და ძალადობრივად მოეხდინათ პოლიტიკური პროცესების მართვა. მართალია პროცესი დაიწყო მშვიდობიანი აქციით, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების ფონზე, ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, რაც გამოიხატა შტურმის სახით და პოლიციელებზე თავდასხმით, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მოძალადეების მიერ 30-მდე პოლიციელი იქნა გატაცებული, გაიტაცეს დამცავი ფარები და ახდენდნენ პირდაპირ ძალადობას პოლიციელებზე. შს მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ დგება ჟამი, როდესაც სახელმწიფო მოხელე იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას, მოძალადეებთან შევიდეს კომპრომისზე და გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს, თუ მიიღებს სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას, დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები და მოახდინოს მოძალადეების მიმართ პროპორციული ძალის გამოყენება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რა ხდებოდა თბილისის საავადმყოფოებში მეორე დღეს, დაშავებულთა ნაწილი იყვნენ პოლიციელები.

„სამწუხაროა, რომ ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ მიმართულ პროპორციულ ძალას ჩვენი თანამოქალაქეების და პოლიციელების დაზიანება მოჰყვა. ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფომ გამოიყენა პროპორციული ძალა, ხოლო მოძალადეებმა, პირველ რიგში ძალადობით, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, შტურმის დროს პოლიციელები დააზიანეს. ნაწილი მოძალადეებისა აგრძელებდა ქუჩებში დესტრუქციულ ქმედებას, ამიტომ პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა შესაბამისი ქმედებები, გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები მოძალადეთა ქმედების აღსაკვეთად. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20-21 ივნისს პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მან გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომელიც კანონით არის დაშვებული ძალადობის და შტურმის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიან აქციას არბევდა, დასდევდა მომიტინგეებს და ახდენდა მათზე ფიზიკურად უსწორდებოდა, ხოლო 20-21 ივნისს, ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა შესაბამისი პროპორციული ძალა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები დაეცვათ ყოველგვარი ძალადობრივი პროცესების ძალადობრივი განვითარებისგან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი