თბილისის მინიფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019-ის ფინალი გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, 150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის  “თბილისის მინიფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019’’-ს ფინალი გაიმართა.
პროექტში, რომლის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მონაწილეობა თბილისის 32 საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო.
მსგავსი ტიპის ღონისძიება ლიგისა და “ფლეიოფის” გაერთიანებული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით პირველად ჩატარდა. ტურნირი თბილისის სამ რაიონში 8 ივნისიდან – 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
“თბილისის სასკოლო ლიგა დასრულდა. ეს ჩემპიონატი დედაქალაქში პირველად გაიმართა და ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და პროექტში ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური ვებგვერდი – www.sfl.ge. მომავალში კი, კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
“ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მსგავს აქტივობებში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობის ჩართულობთ უნდა დავიწყოთ’’, – განაცხადაბ გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიების დასასრულ, ფინალისტები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოვეს.
ტურნირის ფინალურ მატჩს და დაჯილდოების ცერემონიალს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები