რუსული მედია: საქართველო რუს ტურისტებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებით ვერ ჩაანაცვლებს

რუსული “რამბლერის” ანალიტიკურმა სამსახურმა გამოკითხვა ჩაატარა  თემაზე – შეძლებს თუ არა საქართველო რუსი ტურისტების სხვა ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლებას. დღეს “რამბლერმა” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანას ყველაზე დიდი მოგება სწორედ რუსი ტურისტებისგან ჰქონდა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, როგორც “რამბლერი” წერს, გამოკითხული რუსების უმეტესობას(53%) არ სჯერა ზემოთმოყვანილი თეზისის. რესპონდენტების 32% მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნის ტურისტები ისე ხშირად არ იმოგზაურებენ საქართველოში, როგორც რუსები, შესაბამისად, მათი აზრით, არარუსი ტურისტებისგან ქვეყანა ნაკლებ მოგებას ნახავს. 15% კი მიიჩნევს, რომ პირიქით, საქართველოში მოგზაურობა ძალიან ბევრ ტურისტს სურს, ამიტომ ქართველებს შემცვლელების პოვნა არ გაუჭირდებათ.
“რამბლერის” მონაცემებით, გამოკითხვაში მონაწილეობა 8612-მა ადამიანმა მიიღო.
სააგენტოს ცნობით, დღეს შერემეტოვოს აეროპორტში “აეროფლოტის” თვითმფრინავმა საქართველო-რუსეთის მიმართულებით ბოლო რეისი განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდებოდა. ქართველებმა ამ შეზღუდვის საპასუხოდ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთგვარი გამოწვევა – გაატარე ზაფხული საქართველოში/spend your summer in Georgia – შესთავაზეს. გამოწვევას უკვე მრავალი ადამიანი შეუერთდა. სპეციალურად შექმნილ “ფეისბუქჯგუფში” უცხოეთის მოქალაქეების ასობით პოსტი ყოველდღიურად იდება, სადაც ისინი წერენ, რომ იღებენ გამოწვევას და ისინი ზაფხულს სწორედ საქართველოში გაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები