“დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას” – სალუქვაძე გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
“გიორგი გახარიამ ანალიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ შესაძლოა, 20 ივნისის ღამეს გარკვეულწილად იმოქმედა პანკისის მოვლენებმა, როცა პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა”, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეცდომები ტყვიების გამოყენების ნაწილში იყო და არა – ტყვიების სახეობებში.
„საუბარი შეეხო 20-21 ივნისის მოვლენებს, თუ როგორ დაიწყო და განვითარდა პროცესები; ასევე, მთლიანად ოპერაციის მსვლელობას, დაწყებული პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერებიდან, დამთავრებული საპროტესტო აქციის დაშლით. ისაუბრა ასევე იმაზე, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეძლიერებინათ პარლამენტი. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სიგნალი, გარდა იმ განცხადებებისა, იმ ფონისა, რაც შეიქმნა გავრილოვის სავარძელში აღმოჩენის შემდეგ, იყო, ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ციფრებიც კი დაასახელა, თუ რომელიმე პარტია საშუალოდ 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში ეს საკმადო დიდი რიცხვი იქნებოდა. ეს იყო ერთერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ცალკეული პოლიციელების მხრიდან გადაცდომებზე; ასევე, გამოყენებულ საშუალებებზე, ესაა ფარები, ხელკეტები, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი. საუბარი შეეხო რეზინის ტყვიების თავისებურებებს.
პირველ ყოვლისა, ვთქვათ ის, რომ, როცა კომენტარს აკეთებ, მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შეიყვანო და არ უნდა თქვა, რომ ეს არის დათვის საწინააღმდეგო ტყვია. მინისტრმა წარმოადგინა ამ ტყვიების ფოტომასალა. გვაჩვენა ტყვიებიც.
ნებისმიერი იარაღი, რასაც პოლიციელი იყენებს, შეიძლება, აღმოჩნდეს ლეტალური; გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ.
მინისტრმა თქვა, რომ შესაძლოა, 20 ივნისის ღამეს გარკვეულწილად იმოქმედა პანკისის მოვლენებმა, როცა პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა. შეცდომები არის ტყვიების გამოყენების ნაწილში და არა – მის სახეობებში.
ჩვენ შევთავაზეთ, რომ კარგი იქნება უცხოელი სპეციალისტების მოწვევა მეტი სანდოობისთვის, რომ ცალკეული მომენტები, სადაც კითხვები გაჩნდება გამოძიების დროს, იყოს შეფასებული მათ მიერ. გახარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, სადაც არის ძალის გადამეტება, ანუ არ იყო აუცილებლობა და ვიღაცას დაავიწყდა, რომ ადამიანთან აქვს საქმე, მერე რა, რომ ის აპროტესტებდა და ერთი საათის წინ პოლიციელს ურტყამდა, სპეცრაზმელს აქვს თმენის ვალდებულება. გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წელს, წინა ხელისუფლებამ შეისყიდა არჩევნებამდე სამი თვით ადრე“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ დახურულ შეხვედრაზე ანალიტიკოსებს შეხვდა. საუბრი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
თამუნა შეყილაძე