მერიის ხელშეწყობით, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი ექსპერტები მასტერკლასებსა და “ვორქშოფებს” ჩაატარებენ
თბილისის მერიის ხელშეწყობით, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი პროფესორები და ექსპერტები მასტერკლასებს და “ვორქშოფებს” ჩაატარებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, პროექტი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი თბილისში, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასებსა და “ვორქშოფებს” არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ხელოვნების მიმართულებით. ჯამურად, ამ ღონისძიებებში 1000-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და უცხოელმა პროფესორებმა გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროებში. ეს მიმართულებები დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვჭირდება ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი სისხლი. ამ მიმართულებებში საკმაოდ მცირე რაოდენობის სპეციალისტი გვყავს. ცხადია, ჩვენ ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველასთან ვმუშაობთ, ვიზიარებთ მათ შეხედულებებსა და შენიშვნებსაც, თუ რამე გვეშლება, თუმცა დამატებითი ძალები, ახალგაზრდები, მათი ჩართულობა და პროფესიონალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად ასეთი პროექტების ხელშეწყობით ჩვენ შევძლებთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან, გარდა ლექცია-სემინარებისა, უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც.