თამარ ხულორდავა: მნიშვნელოვანია საქართველოს მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირში, რომლის ბაზარიც უფრო საიმედოა
“რუსი პოლიტიკოსების განცხადებები, რაც ყურს შეიძლება გვჭრიდეს, ჩვენს არსებით პოზიციებს ვერ შეცვლის – ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ვიცით, საით მივდივართ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების შემოღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატი ალტერნატიული ბაზრების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირში, რომლის ბაზარიც არის უფრო მაღალმსყიდველუნარიანი, უფრო საიმედო და რომელიც პოლიტიკურ რყევებზე დამოკიდებული არაა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებებია მიღებული. ამაზე მსჯელობა დაწყებულია. აღნიშნული გადაწყვეტილებები და რუსი პოლიტიკოსების განცხადებები, რაც ყურს შეიძლება გვჭრიდეს, ჩვენს არსებით პოზიციებს ვერ შეცვლის – ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ვიცით, საით მივდივართ. საქართველოს პოლიტიკა არის მშვიდობიანი, მაგრამ იმ ფარგლებსა და მოცემულობაში, რასაც ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ჰქვია“, – განაცხადა ხულორდავამ.