გია ვოლსკი: უახლოეს პერიოდში მთავრობა თავის სიტყვას იტყვის, თუ რამ შეიძლება, დაიცვას ქვეყანა იმ მახიდან, რომელიც “ნაცმოძრაობამ” დააგო
“ეს არ იყო მხოლოდ პუტინისა და რუსი ტურისტის წინააღმდეგ მიმართული გინება, ეს იყო გინება, რომელსაც გავლენა ეკონომიკურ ვითარებაზე უნდა მოეხდინა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გიორგი გაბუნიას მიმართვის თაობაზე განუცხადა.
“ეს ქართველისთვის არათუ შეუფერებელი საქციელი იყო, არამედ მორალურად დამაზიანებელი გამოდგა, რადგან საქართველოში ხომ მხოლოდ რუსი ტურისტები არ ჩამოდიან. ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან და საქართველოთი ინვესტორები არიან დაინტერესებული. ეს არ იყო მხოლოდ პუტინისა და რუსი ტურისტის წინააღმდეგ მიმართული გინება, ეს იყო გინება, რომელსაც გავლენა ეკონომიკურ ვითარებაზე უნდა მოეხდინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ტურისტები არასტაბილურ ქვეყანაში არ ჩამოვლენ.
“შექმნილია მძიმე მდგომარეობა – უახლოეს პერიოდში მთავრობა თავის სიტყვას იტყვის, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს ამ ვითარებაში და რამ შეიძლება, დაიცვას ქვეყანა იმ მახიდან, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შედეგად მოახერხა და დააგო”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ინვესტორებისთვის ბოლო დღეებში საქართველო ისეთი მიმზიდველი აღარ არის, როგორც ადრე იყო.