რომან გოცირიძე: რა ფორმას მიიღებს რუსული სანქციები, არავინ იცის – პუტინის მოწყალებაზეა დამოკიდებული

“ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ფულადი გზავნილები შეაჩეროს, ამის გაკეთება ერთხელ უკვე უნდოდა რუსეთს, მაგრამ არ გამოუვიდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დამატებითი სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.
გოცირიძის თქმით, საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ეს გზა და ამით „ვერავის შეაშინებენ“.
„რა ფორმას მიიღებს რუსული სანქციები, არავინ   იცის, ვინაიდან ეს არის მიმართვა პუტინისადმი და შემდეგ უკვე პუტინის მოწყალებაზეა დამოკიდებული. ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ფულადი გზავნილები შეაჩეროს, ამის გაკეთება ერთხელ უკვე უნდოდა რუსეთს, მაგრამ არ გამოუვიდა. ფული ისეთი რამ არის, ყოველთვის იპოვის თავის გზას და შემოვლითი გზებით შემოვა, უბრალოდ, ადამიანებს გააწვალებს. რაც შეეხება ღვინოსა და ბორჯომს – 2013 წლის დასაწყისში პატარკაციშვილის ოჯახმა ბორჯომი მიჰყიდა რუსულ „ალფა ბანკს“ და დღეს „ბორჯომი“ არის რუსული კომპანია და თუ საკუთარ კომპანიას გამოუცხადებენ ემბარგოს, არ ვიცი, თუმცა რუსებისგან არაფერია გამორიცხული, როცა ასე დასაჯეს საკუთარი ტურისტები. ღვინო არ არის გამორიცხული შანტაჟისთვის გამოიყენონ. ბუნებრივია, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ერთხელ უკვე გავიარეთ ეს ისტორია და ამით ვერავის შეაშინებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, 8 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ედინაია რასიას“ ინიციატივას, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტისა და რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები