დუმამ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სლუცკი აცხადებს, მოსკოვი გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას ელოდა.
„ბოდიშს ველოდებით ახლაც. არ ვიცი, მოხდება ეს თუ არა. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ასეთ სიტუაციაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. უახლოეს დღეებში ვნახავთ, მზად არის თუ არა ამისთვის საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.
აკრძალვების საკითხს დუმის საბჭო განიხილავს. „ედინაია როსიას“ ინიციატივას მხარს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის და „სპრავედლივაია როსიას“ წარმომადგენლებიც უჭერენ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ლოზუნგით – “რუსეთი ოკუპანტია” -19 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით, თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელმაც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე მიმართა. გენერალური ასამბლეის სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა სპიკერატი დაიკავეს და ასამბლეას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ამავე დღეს პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. ამასთან, დაზიანებები მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. სამმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მე-13 დღეა გრძელდება.
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოში ფრენები. ამასთან, ტუროპერატორებისა და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები