ლევან დავითაშვილი: ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაცია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულებაა

„პოლიტიკური ძალები, მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, საკითხს აყენებენ ისე, თითქოს ჩვენს სახელმწიფოს ორი ალტერნატივა აქვს, ერთი მხრივ ტერიტორიული მთლიანობა და მეორე მხრივ – ბაზრები ან ეკონომიკური კეთილდღეობა. ცხადია, რომ მათი ერთადერთი ამოცანა და დღის წესრიგი ეკონომიკური პრობლემების შექმნას უკავშირდება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში, ფერმერებთან და ბიზნესსექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი განმარტებით, ბაზრის დივერსიფიკაცია ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ მხრივ, კონკრეტული ქმედებებიც ხორციელდება.

„2012 წლიდან დღემდე, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი 1.5 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. ტენდენცია მზარდია. აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან არცერთი ლარი არ დახარჯულა, ტრადიციულ რუსეთის ბაზარზე, სადაც ქართულ ღვინოს ისტორიული ცნობადობა ისედაც აქვს. ჩვენი ქმედებები მიმართული იყო ალტერნატიულ ბაზრებზე ქართული ღვინის დასამკვიდრებლად.

2013 წლიდან 2016 წლამდე განხორციელებული სამეცნიერო პროექტების შედეგად, UNESCO-მ ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა და საქართველო ოფიციალურად აღიარებულ იქნა, როგორც ღვინის სამშობლო. აღსანიშნავია, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია დროში გათვლილი, ხანგრძლივი პროცესია, რომელიც საჭიროებს დიდ ძალისხმევას, რათა მომხმარებლებმა ჯეროვნად შეაფასონ ქართული ღვინის უპირატესობები და ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობას აგძელებს”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები