ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც რუსეთთან გვაქვს
“მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში, ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი ფერმერების შეხვედრაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, რუსეთთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები წლების განმავლობაში ორივე ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია და ამ მიმართულებით, ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს.
„ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია, დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. ტერიტორიული მთლიანობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. იმედია, რომ პროცესები იქნება გამიჯნული პოლიტიკისგან. ჯერჯრობით, სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება, იმიტომ, რომ ეს რამდენიმეწლიანი, ორივე ქვეყნის მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შედეგია. დაუშვებელია ეს ერთი ხელის მოსმით გაჩერდეს. პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ჩვენ ამ პროცესში მივაღწიეთ საკმაო შედეგს, სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ დიალოგის ფორმატში, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო, რადგან ეს იყო ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა.
რეგიონებში ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელთა უკან დგას როგორც დასაქმებული, ასევე, ბევრი პარტნიორი მომწოდებელი ფერმერი, გლეხი, რომლის შემოსავალიც დამოკიდებულია ამ სავაჭრო ურთიერთობებზე. ცალკე სასაუბრო თემაა დივერსიფიკაცია და ა.შ. დღეს, კონკრეტულ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში. ჯერჯერობით, ემბარგო არ გვაქვს, არც გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი, ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია სტაბილური გახდება და პროგრესი შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდნენ. შეხვედრა გურჯაანში, კულტურის ცენტრში მიმდინარეობდა, სადაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს განიხილავდნენ. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.