“ლიბერთი ბანკზე” ჯგუფური ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს თავისუფლების 7 -7 წლით აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულები ა.ლ., გ.ხ. და ნ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 აპრილს ნ.ჯ., ა.ლ., და გ.ხ. ქ. თბილისში, ვარკეთილი3-ს მე-3 მიკრორაიონში მდებარე სს ,,ლიბერთი ბანკი“-ის ფილიალში ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით თავს დაესხნენ ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორებს სს ,,ლიბერთი ბანკი“-ს კუთვნილი 2,045 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს, გ.ხ. და ნ.ჯ. ქ.თბილისში, ხოლო ა.ლ. ქ.ქუთაისში. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ., ნ.ჯ. და გ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები