სოსო არჩვაძე: ის, რომ საქართველო ლიდერია რეიტინგის 12-დან 9 ინდიკატორში მიუთითებს რეფორმების სწორ მიმართულებებებზე და თვალსაჩინო შედეგებზე
„ის, რომ საქართველო ლიდერია რეიტინგის 12-დან 9 ინდიკატორში მიუთითებს რეფორმების სწორ მიმართულებებებზე და თვალსაჩინო შედეგებზე“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა.
მისი თქმით, ეს წარმატება სისტემური რეფორმების ლოგიკური შედეგია.
„ის, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ მოირგო, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ლიდერის ყვითელი მაისური, ამჯერად უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში, ლოგიკური შედეგია იმ მიზანმიმართული საქმიანობისა, რაც ქვეყანაში ხორციელდება ბოლო წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ. ამ წარმატებას რამდენიმე განზომილება აქვს, რომლებიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია.
ჯერ ერთი, ეს მოხდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა) კონკურენციის პირობებში. ამიტომ ეს არის არა უბრალოდ წარმატების დაფიქსირება, არამედ უპირატესობის ხაზგასმა პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით. ის, რომ საქართველო ლიდერია რეიტინგის 12-დან 9 ინდიკატორში (მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია) მიუთითებს რეფორმების სწორ მიმართულებებებზე და თვალსაჩინო შედეგებზე;
მეორე, დაფიქსირდა არა უბრალოდ ქართული მხარის უპირატესობა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით სხვა ქვეყნებთან შედარებით, არამედ გაუმჯობესება წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად თითქმის ყველა ინდიკატორის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ წარმატება და პროგრესი – ეს ერთჯერადი აქტი კი არ არის, არამედ უწყვეტი პროცესის ლოგიკური შედეგი და აღიარებაა და ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ხელისუფლებას. ამასთან, ერთია, როდესაც საკუთარ წარმატებებზე იგი თავადვე საუბრობს და მეორეა, როდესაც ამას ქვეყნის საიმედო და ობიექტური პარტნიორები აფიქსირებენ და საერთაშორისო დეკლარირებას ახდენენ.
მესამე, წარმატება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ – ეს არის მხოლოდ ერთი (და არა ერთადერთი) შედეგი და აღიარება იმ წინსვლისა, რაც საქართველოს უკავია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების მხრივ (მე-6 ადგილი). აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები აქვს ევროკავშირის 28-დან ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით ბიზნესის დაწყების, კრედიტის ხელმიწვდომობისა და მინორიტარი ინვესტორების დაცვის კუთხით.
რა თქმა უნდა, აღნიშნული წარმატებები მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ვერ იქნებოდა მიღწეული. სერიოზულ დახმარებას – მატერიალურს, ფინანსურს, ტექნიკურს – გვიწევს ევროკავშირი, რომელთანაც საქართველომ 2014 წლის ივნისში გააფორმა ასოცირების შეთანხმება.
ამჟამად საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის ბიზნეს სექტორის: მთლიანი ბრუნვის – 45.5%, გამოშვების – 58.7%, დასაქმების – 63.1%, ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების – 29.2%. აღნიშნული მაჩვენებლებით საქრთველო უკვე ფაქტობრივად საშუალო ევროპულ დონეზე იმყოფება. ყოველთვიურად საქართველოში რეგისტრირდება 4.5-5.0 ათასი ახალი ბიზნეს-სუბიექტი, რომელთა უმრავლესობა ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან.
2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში პროდუქციის გამოშვება 9%-ით გაიზარდა. ამასთან, თუ მსხვილი საწარმოების მიხედვით ზრდამ მხოლოდ 3.7% შეადგინა, საშუალო ზომის საწარმოებში მატება 8.3% იყო, ხოლო მცირე ბიზნესში – 16.7%.
იმის გათვალისწინებით, რომ ინვესტირებული კაპიტალი მცირე და საშუალო ბიზნესში ქმნის 1.5-2.0-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე მსხვილ ბიზნესში, ეკონომიკის აღნიშნული სეგმენტის განვითარება სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს და შეასრულებს მოსახლეობის დასაქმებისა და კეთილდღეობის ამაღლებაში, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებულ და მდგრად განვითარებაში“, – წერს სოსო არჩვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.