გიორგი ცუცქირიძე: საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია

„მიმაჩნია, რომ მიმდინარე რეფორმების წარმატებული ხასიათი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიზნესზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის სწორ სტრატეგიას“, – ამის შესახებ საბანკო-საფინანსო ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა.
„2 ივლისს პარიზში “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.
აღსანიშნავია,რომ საქართველომ რეიტინგის 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო!. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშნელოვანია 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა. საქართველო ლიდერია რეიტინგის ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია.
ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინესის გუშინ გაკეთებული განცხადებაც, რომლის შეფასებითაც „ძალიან შთამბეჭდავია რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს“.
მიმაჩნია, რომ მიმდინარე რეფორმების წარმატებული ხასიათი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიზნესზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის სწორ სტრატეგიას – ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, რაც არის მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ეკონომიკაში“, – წერს გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები