ირაკლი კოვზანაძე: 10-ლარიანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ქართული ფულის ნიშნებს შორის
„ბოლო წლებია, განებივრებულები ვართ ეროვნული ბანკის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული პრაქტიკით – ახალი ბანკნოტებისა და საკოლექციო მონეტების ემისიით. ბოლო განახლებული ბანკნოტი, 10-ლარიანი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ქართული ფულის ნიშნებს შორის”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ განახლებული 10-ლარიანის პრეზენტაციაზე.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი 10-ლარიანის მსგავსად, რომელზეც გამოსახულია დავით კაკაბაძის ცნობილი ტილო – „იმერეთი დედაჩემი“, თითოეული ბანკნოტი ასახავს ქართული ხელოვნების ნიმუშებს და ემსახურება ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას.
„ვფიქრობ, რომ განახლებული 10-ლარიანი სრულად პასუხობს მსოფლიოში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს. მინდა, მივულოცო ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს კიდევ ერთი წარმატებული მიმართულების კარგად დასრულება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
აღსანიშნავია, რომ განახლებულ ბანკნოტს მიმოქცევაში 2019 წლის ოქტომბერში გაუშვებენ.