თამარ ხულორდავა: ჟენევის მოლაპარაკებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხების დაყენება მნიშვნელოვანია

“ის ფაქტი, რომ ჩვენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენთვის აქტუალური, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში დავაყენოთ, პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვა ამ მხრივ ახალი სირთულეა, რომელიც მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის.
„ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებული გართულება გვაქვს, რაც ახალი პერიოდის დამატებითი სირთულეა. 27 ივნისს აფხაზეთის მიმართულებით ჩაიკეტა საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელი, რაც ძალიან დიდ, ახალ, დამატებით სირთულეებს უქმნის ჩვენს მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს. ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება, ასევე, სხვა საკითხებზე, როგორიც არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დისკრიმინაციას ექვემდებარებიან სხვადასხვა ნიშნით. მათ მიმართ ადგილი აქვს სხვადასხვა უკანონო შეზღუდვას. ეს ეხება მათი განათლებისა და გადაადგილების უფლებას. ასევე, ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და შემდეგ გარდაცვალების ფაქტებთან. კვარაცხელიას საკითხი აუცილებლად იქნება გაჟღერებული და რუსეთის მხრიდან პასუხების მოლოდინის რეჟიმში ვართ.
სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკების 48-ე რაუნდი იმართება უკვე და ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა და კონკრეტული შედეგები ამ დიალოგის ფარგლებში არ გვაქვს. ალბათ, არც ამჯერად იქნება რაღაც გარღვევა ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ხულორდვამ.
ცნობისათვის, ​დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღევანდელ რაუნდზე დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები