“ეჭვი მიჩნდება, რომ ზოგიერთი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფარისევლობდა, როდესაც ამბობდა, პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთო”
„ხელისუფლებამ გადადგა, ალბათ, ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც შეეძლო, ამ მოცემულობაში გადაედგა“, – ეს განცხადება „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა „იმედის“ ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ერთპარტიულ მმართველობას შეელია და პოლიტიკური მიზანშეწონილობა შეინარჩუნა. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ჩვენ ვდგავართ ზღურბლთან, რომ მივაღწიოთ იმას, რასაც 20 წელია, ითხოვს ქართული ოპოზიციური სპექტრის რამდენიმე თაობა.
„1995 წლიდან ეს სისტემა ჭამს და ანგრევს ქართულ პოლიტიკურ რეალობას და ახლა მივედით იქამდე, რომ ეს უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგას იმ მიმართულებით, რომელიც ამ სისტემის კანონსა და კონსტიტუციაში ჩაბეტონებას რაიმე ფორმით ხელს შეუშლის. მე ვხედავ, რომ სერიოზული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს უკვე იმ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომლებიც ამდენი ხანია, ითხოვენ პროპორციულ სისტემას და ამბობენ, რომ მიუღებელია მაჟორიტარული. უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ ბევრი მათგანი ფარისევლობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ამბობდა, რომ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. ერთ-ერთი მაოხრებელი მკვდარი უკრაინიდან იძახის, რომ ყველანი სულელები იქნებით, ვინც ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმებითო. სააკაშვილი იმიტომ გაიძახის ამას, რომ მას სჭირდება სიტუაციის მაქსიმალური პოლარიზება და ეს სისტემა – პროპორციული, თან ბუნებრივი ბარიერით, ყველაზე ნაკლებად იძლევა ამის საშუალებას“, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, პროპორციული სისტემის დამკვიდრება, არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მისცემს განვითარების ძალიან სერიოზულ საშუალებას, ამავდროულად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ და ბევრ ფიგურანტს შეეძლება პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენება პარლამენტში, ეს კი სერიოზულად გაზრდის ჩვენი ამომრჩევლის საარჩევნო კულტურას.
„ძალიან მალე ჩამოყალიბდება სრულიად სხვა ხედვა, არჩევნებში გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. ამომრჩეველი დაინახავს, სულაც არ არის საჭირო, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რომელსაც მთელ ძალაუფლებას ჩავაბარებთ – პრეზიდენტის, ადგილობრივის, აჭარის, პარლამენტის და ასე შემდეგ. ყველა მიხვდება, რომ თურმე შესაძლებელია და ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც არსებობს მუხრუჭები, ერთმანეთის დამაბალანსებელი კოალიციური ურთიერთობები. როდესაც მე და თქვენ ვართ კოალიციაში, მე არ მომეცემა იმის საშუალება, რომ ჩემს ჭკუაზე ვჭრა და ვკერო, ისე, როგორც მინდა. როგორც კი გადავალ რაღაც წითელ ზღვარს, მაშინვე მეტყვით, რომ მე ამ სისულელეში არ გამოგყვები. ამიტომ დავტოვებ ამ კოალიციას და წადი… და მერე ამომრჩეველთან თავიდან ვადამდელ არჩევნებზე არ ყვირი“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
როგორც „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გამოვიდა სიტყვით და დააფიქსირა კონკრეტული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს კიდევ უფრო უკეთესი ეს სისტემა და როგორ სასწრაფოდ უნდა განვახორციელოთ ის.
„იმის შიში, რომ თურმე ხელისუფლება პატარ-პატარა პარტიებით ჩაანაცვლებს, ვის ჩაანაცვლებს? რამდენ პარტიას შექმნის, რომ 73 მაჟორიტარი ჩაანაცვლოს? კი ბატონო, ორი, სამი პარტია შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ არაფერი არ იმალება. ხომ ყველამ კარგად იცის, ვისია ეს პარტია, რატომ შეიქმნა, ვინ აფინანსებს, ვინ უდგას უკან. არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი. თუ ვიღაცას ექნება სურვილი, 12 000 კაცს, რომ იმ პარტიას მისცეს ხმა, რომლის უკანაც ხელისუფლება დგას, ესეც ამომრჩევლის ნება იქნება, მაგრამ ის, რომ დღევანდელ სიტუაციაზე, რა სტატუს კვოც დღეს გვაქვს, ამაზე უარესი რომ ბუნებაში არავის მოუფიქრებია, ეს ფაქტია. ეს მოიფიქრეს „ნაციონალებმა“ თავის დროზე და „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა. დღეს ვინც პროპორციულ სისტემას შეეწინააღმდეგება, ვინც ულტიმატუმებით დაიწყებს საუბარს, „მოლაპარაკებებზე არ მოვალ“, „ვიღაც სხვასთან მინდა ლაპარაკი“, „თუ ბლოკს არ მომცემენ, მე პროპორციული სისტემა არ მინდა“ – ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ამ პროცესისთვის და ამიტომ დღეს წარმოჩინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი – ეს არ იყო მარტო პრეზენტაცია, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გამოვედით და ვთქვით ძალიან კონკრეტული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს კიდევ უფრო უკეთესი ეს სისტემა და როგორ სასწრაფოდ უნდა განვახორციელოთ ეს ამბავი. ვინც გაემიჯნა, რატომ გაემიჯნა, ვერ ვხვდები“, – ამბობს გიორგი ახვლედიანი.
ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემა ბუნებრივი ბარიერით არის ყველაზე სამართლიანი სისტემა. გადაუნაწილებელი მანდატები პრაქტიკულად აღარ რჩება, ძალიან ცოტა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის დაკარგული ხმები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ დათვლის თვალსაზრისითაც ყველაზე სამართლიანი ეს პროპორციული სისტემა ბარიერის გარეშეა.