მამუკა ბახტაძე, ჩინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მიწვევით, დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი კეციანის მიწვევით, დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერია მიწვეული. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმინისტრმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა, კლაუს შვაბმა გახსნეს.
მანამდე, პრემიერმა ლი კეციანმა მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო რეზიდენციაში უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემები იყო ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების მნიშვნელობა.
საქართველოს პრემიერმინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე, სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე მიუთითებს.
დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, ასევე, შეხვედრებს მართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან, რომლებსაც საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე ესაუბრება. პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში დღეს სრულდება.