გრიგორი კარასინი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება “უკეთესი დროისთვის” გადავდეთ
“მოსკოვი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ფიქრობდა, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალა ამის განხორციელებას”, – აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი “უკეთესი დროისთვის” გადაიდო.
“დიახ, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილებოდა და, პრინციპში, მზად ვიყავით გასაუქმებლად, თუმცა მოგვიწევს, უკეთესი პერიოდითვის გადავდოთ”, – თქვა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისის პარლამენტში “მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელსაც სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან უძღვებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციონერი დეპუტატები და მოქალაქეები გააღიზიანა და საპროტესტო აქციებიც ამავე დღეს დაიწყო.
საღამოს მშვიდობიანი აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. საპროტესტო აქციები თბილისში მე-12 დღეა, მიმდინარეობს. მონაწილეების მთავარი მოთხოვნებიდან ორი – პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და 20 ივნისს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება – უკვე დაკმაყოფილდა. დემონსტრანტების მესამე მოთხოვნა საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქცია დააწესა. მათ შორის, ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისები აეკრძალათ.