ზაალ ანჯაფარიძე: მინდა, იმედი მქონდეს, რომ აქცია მოახერხებს და, საბოლოოდ, გაემიჯნება პოლიტიკურ ზეგავლენას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. ანჯაფარიძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ, აქციაზე გავლენა იქონიონ. როგორც ანალიტიკოსმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კარგი იქნება, თუ აქცია მოახერხებს და პოლიტიკურ ზეგავლენას, საბოლოოდ, გაემიჯნება .
„აქცია, რომელიც გაიმართა ყველასთვის აღმაშფოთებელი ფაქტის ფონზე, რაც უკავშირდება ე.წ. გავრილოვის ინციდენტს, ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდოდა, როგორც სამოქალაქო პროტესტის ძალიან კარგი მაგალითი, შემდეგ პოლიტიკური ძალების ჩარევა რომ არ ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ , 20 ივნისის მიტინგი დასრულდებოდა აბსოლუტურად მშვიდობიანად, რომ არ ყოფილიყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის მოწოდება , შესულიყვნენ პარლამენტში, რასაც, სამწუხაროდ, მიტინგის მონაწილეთა ერთი ნაწილი წამოეგო. ახლაც კი მიტინგის მონაწილეთა ერთი ნაწილი ცდილობს, გაემიჯნოს პოლიტიკურ შემადგენელს, მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ, იქონიონ გავლენა ამ მიტინგზე.
აქციის წამყვანები არიან პიროვნებები, რომლებიც მჭიდროდ არიან აფილირებულნი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს კი, რა თქმა უნდა, საზოგადოების ერთ ნაწილში ტოვებს უკმარობის განცდას. მე მინდა, უკეთესის იმედი მქონდეს, რომ აქცია მოახერხებს და, საბოლოო, გაემიჯნება პოლიტიკურ ზეგავლენას. რამდენად გამოუვათ ეს, არ ვიცი. ამ ეტაპზე, პოლიტიკური ზეგავლენის ნიშნები იგრძნობა. აქცია, თავდაპირველად, დაიწო იმით, რომ აქ ჩამოვიდა გავრილოვი და ჩაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, შემდეგ უკვე, როცა საპროტესტო აქცია დაიწყო, დღის წესრიგში დადგა პროპორციული არჩევნების მოთხოვნის საკითხი. ამიხსენით, რა ლოგიკური კავშირი არსებობს გავრილოვის ინციდენტთან, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და პროპორციულ არჩევნებთან. ეს ხომ წმინდა სახის პოლიტიკური მოთხოვნაა? შესაბამისად, სწორედ აქ იგრძნობა პოლიტიკური პარტიების ზეგავლენა“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები