ზაალ ანჯაფარიძე: პროპორციული სისტემა ე.წ. ნულოვანი ბარიერით საკმაოდ სარისკოა, ჯობდა, დარჩენილიყო ბარიერი

“პროპორციული საარჩევნო სისტემა ე.წ. ნულოვანი ბარიერით  საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა, ჯობდა, დარჩენილიყო ბარიერი, თუნდაც 3 %-იანი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაალ ანჯაფარიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივა შეაფასა. ანალიტიკოსი ბუნებრივ ბარიერში გარკვეულ რისკებს ხედავს.
„არჩევნების პროპორციული წესით, ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარება სიახლეა ჩვენს საარჩევნო სისტემაში. ახლა, ვიდრე არ არის კონკრეტულად გაწერილი პროცედურები, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები ამ სისტემით, ცოტა არ იყოს, რთულია საუბარი მის ავკარგიანობაზე. მარტო ნულოვან ბარიერში არ არის საქმე. საქმე ეხება იმას, თუ როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კომისიები, როგორი იქნება საარჩევნო პროცედურები, რომ მონაწილე სუბიექტებს მიეცეთ თანაბარი საშუალებები, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მთავარი, დიდი სურათი რომ დავინახოთ, თუ რა ხარისხის პარლამენტს მივიღებთ ამ სისტემით არჩევნების ჩატარების შემდეგ – მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება, მაინცდამაინც, მაღალი ხარისხის პარლამენტი მისი კვალიფიკაციის დონიდან გამომდინარე  იმიტომ, რომ, მაღალი ალბათობით, პარლამენტში მოხვდება რამდენიმე პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, დადგება კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ჯერ ამის გამოცდილება არ გვაქვს; გამომდინარე იქედან, თუ რა ურთიერთდამოკიდებულება აქვთ წამყვან პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან, ვფიქრობ, შეიძლება ამან დამატებითი პრობლემები შექმნას. თუმცა, ეს უფრო სამომავლო პროგნოზების ამბავია. ვფიქრობ, დღეს მთავარია, კანონის დონეზე გაწერილი ის კონკრეტული საარჩევნო პროცედურები ვნახოთ, რაც ამ ახალი საარჩევნო სისტემის შემოღებას უკავშირდება, ამის შემდეგ შეიძლება საგნობრივად მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა სიკეთისა და პრობლემის მომტანი შეიძლება იყოს ეს სისტემა.
ე.წ. ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით მივიჩნევ, რომ საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა. მე მივიჩნევ, რომ ჩვენი პოლიტიკური რეალობისთვის უფრო შესაბამისი იქნებოდა, დარჩენილიყო ბარიერი, თუნდაც ის, რაც გაწერილია კონსტიტუციაში, 3 %-იანი“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა, ანალიტიკოსი ამის რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებს.
„მე ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი სწრაფი რეაქცია იმ მოთხოვნებზე, რა მოთხოვნებსაც აყენებდა საზოაგდოების ნაწილი მიტინგზე. მეორე, შესაძლოა, იყო ის მოსაზრებაც, რომ პარლამეტში შესულიყვნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც, შესაძლოა, უფრო მისაღები არიან „ქართული ოცნებისათვის“. მესამე მიზეზი, არაა გამორიცხული, ყოფილიყო ის, რომ ოპოზიციისთვის ბლოკების შექმნის საშუალება წაერთმიათ“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას დღეს, 14:00 საათზე გამართავს. მმართველი გუნდი შეხვედრაზე ყველა პოლიტიკურ ძალას იწვევს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები