საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კორეის რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საგამომცემლო მიმართულების განსავითარებლად საქართველოს პარლამენტში სტამბის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ სტამბის აპარატურის ნაწილის შესაძენად წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კორეის რესპუბლიკის მთავრობამ  50 ათასი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული თანხით, საელჩოს მიერ შერჩეული კომპანია პარლამენტის მოთხოვნილ აპარატურას შეიძენს.
კორეის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის ფარგლებში სტამბისთვის აპარატურის შესაძენად და პარლამენტისთვის გადმოსაცემად  პარლამენტის აპარატის უფროსს – გივი მიქანაძეს, კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ  კიმ სე ვუნგსა და შპს „პოლიგრაფსის” დირექტორ  გოჩა კამკამიძეს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართა.
„ეს იქნება სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი სტამბა, რომელიც პარლამენტს გაზრდილი ფუნქციებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე, მის საქმიანობაში შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კორეის მთავრობა სტამბის შექმნაში მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და ჩვენს მიერ მოთხოვნილი აპარატურის ნაწილს საჩუქრად გადმოგვცემს. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებით, კორეის მთავრობა კონკრეტულ კომპანიასთან თანამშრომლობით, სექტემბრის შუა პერიოდში მოგვაწვდის აპარატურის ნაწილს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე შეძენილი სტამბის მოწყობილობებთან ერთად, სრულფასოვანი საგამომცემლო საქმიანობის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სტამბა პარლამენტს დაეხმარება მისი ყოველწლიური ანგარიშების, მუდმივმოქმედი საბჭოების, კომიტეტების, სასწავლო და კვლევითი ცენტრების საქმიანობების ამსახველი მასალების გამოცემაში, სხვადასხვა სახის ბროშურების და საინფორმაციო ბუკლეტების მომზადებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირების გაზრდას და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის უკეთ წარმოჩენას.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სტამბის კომპიუტერული ლაბორატორიის აღჭურვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.
„სტამბის ფუნქციონირება, ერთი მხრივ, გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და იგი, ასევე, უპასუხებს იმ ვალდებულებებს და გამოწვევებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანომ ღია მმართველობისა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად აიღო“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები