1 ივლისს სერგო ზაქარიაძე 110 წლის გახდებოდა

 1 ივლისს,  დიდი ქართველი მსახიობი სერგო ზაქარიაძე 110 წლის გახდებოდა.
სერგო ზაქარიაძე იყო  საქართველოსა და სსრკ-ის სახალხო არტისტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში.
მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან”, 1937), ჯიბილო (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, 1945), გიგაური (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1952), გიორგი (რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“, 1954). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას „ბაგრატიონი“, 1944), ბახასი (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, 1945), მეფე დავითისა (ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“, 1946), ბესიკ გაბაშვილისა (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“, 1942).
შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტიკული მგზნებარება ახასიათებდა ზაქარიაძის მიერ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს: ქადაგი („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი (გიორგი ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“, 1961). ნატიფი ფსიქოლოგიური ნიუანსებით, მღელვარე თანაგრძნობით დახატა ზაქარიაძემ ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, 1956), რომელშიც ადამიანის სულიერი სილამაზის, მისი გონების სიდიადის მაღალი რწმენა ჩააქსოვა, სატირული სიმძაფრით იყო აღჭურვილი მისი შუისკი (ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“, 1957).
1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები“, 1934), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე“, 1942–1943, სტალინური პრემია), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1960), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით („ჯარისკაცის მამა“, 1965, ლენინური პრემია, 1966) ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს.
სერგო ზაქარიაძე 1955–1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.
მიენიჭა რუსთაველის სახელობის პრემია (1971).
დაჯილდოებული იყო  ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.
სერგო ზაქარიაძე 1909 წელს დაიბადა და 1971 წლის 13 აპრილს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები