გიგა ბოკერია: ყოველი დღე, როცა გახარია მინისტრია, აზიანებს პოლიციასა და მთელ ქვეყანას

ყოველი დღე, როცა გახარია მინისტრია, აზიანებს პოლიციასა და მთელ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა – შს მინისტრის გადადგომა, პრინციპულია.

„იმ ოთხი მოთხოვნიდან, რაც არა მხოლოდ პოლიტიკურმა საზოგადოებამ, არამედ სამოქალაქო საზოგადოებამ დააყენა, დარჩა ერთი მოთხოვნა. კობახიძე სამარცხვინო დაგვიანებით გადადგა, დაკავებულები გამოუშვეს, პროპორციულ არჩევნებზე გაკეთდა პოლიტიკური განაცხადი და დარჩა ერთი, მაგრამ პრინციპული საკითხი – ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამარცხვინო, კრიმინალურ, სისხლიან ქმედებებზე. ეს პასუხისმგებლობა არის გახარიასი. აქ უტიფრად თავხედობს ივანიშვილი და მისი გუნდი და ეს ახალგაზრდები და მთელი საზოგადოება ითხოვს გახარიას გადადგომას. მისი გადადგომა არის სამოქალაქო თანხმობის მინიმალური სტანდარტი და დემოკრატიული პასუხისმგებლობის მინიმალური სტანდარტისთვის საჭირო. ყოველი დღე, როცა გახარია მინისტრია, აზიანებს პოლიციასა და მთელ ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ის უნდა გადადგეს და ეს მოხდება. შეიძლება, ეს არ მოხდეს დღეს, ხვალ ან ზეგ, მაგრამ ეს გარდაუვალია, ის ვერ “იმინისტრებს”. პროტესტი რომც შენელდეს ან გააქტიურდეს, ეს საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ როგორც ყველაფერ დანარჩენში, ივანიშვილი აქაც აზიანებს ქვეყანას ყოველდღე ამ ამბის უტიფრად გაწელვით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, აქციებმა უკვე გამოიღო შედეგი, თუმცა პროტესტი ბოლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებლად გაგრძელდება.

„არა მარტო კობახიძე გადადგა, რაც ავტომატურად უნდა მომხდარიყო, არა მარტო გაათავისუფლეს დაკავებულები, არამედ ჩვენ მივიღეთ პროპორციული არჩევნები, უმსხვილესი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ამდენი წელი არ იყო გადაწყვეტილი. ეს უკვე დიდი წარმატებაა ამ მშვიდობიანი ხალხისთვის, რომელთაც ჩვენც, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაც ვუჭერდით მხარს. მაგრამ გახარიას საკითხი ასევე პრინციპულია, ამიტომ გრძელდება პროტესტი და გაგრძელდება დიდ ხანს, სხვადასხვა ტაქტიკით“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამ წუთებში, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით „თავისუფლების მარში“ იწყება. „ევროპული საქართველო“ უერთდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს “თავისუფალ მარშში”, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები