ადვოკატი: არ ვეთანხმებით, რომ 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდეს
„თემის სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ეს საქმე გახდეს საზოგადოებრივი განხილვის საგანი“, – აცხადებს 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელია.
დღეს გორის რაიონულ სასამართლოში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდებულის ინტერესებს, საზოგადოებრივი ადვოკატის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იცავს.
„ჩვენ ბავშვის ინტერესებს დავიცავთ ნებისმიერ სამართლებრივ დავაში. ამ საქმესთან დაკავშირებით არცერთ დეტალზე ვისაუბრებთ იმიტომ, რომ დაცული იყოს მისი უფლებები და, მათ შორის, მისი პირადი ცხოვრება, ასევე, თემის სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ეს საქმე გახდეს საზოგადოებრივი განხილვის საგანი.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულებას ახორციელებს სასამართლო და, ბუნებრივია, სასამართლოზე იქნება ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა შესაძლო მტკიცებულება და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტმა, ანი თავხელიძემ.