მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვყავს დაზიანებული მოქალაქეები, პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი

„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ გვყავს დაზიანებული მოქალაქეები, პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 20 ივნისის ღამე თითოეული ქართველი პატრიოტისთვის ძალიან რთული და მძიმე წუთები იყო.
„ძალიან რთული წუთები იყო თითოეული ქართველისთვის, თითოეული პატრიოტისთვის ის, რაც ჩვენ გავიარეთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ გვყავს დაზიანებული მოქალაქეები, პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რამდენიმე მათგანი საზღვარგარეთ არის წასული სამკურნალოდ, საუკეთესო ჰოსპიტალებში. თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ვიხილავთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები და სპეციალისტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა 20 ივნისის ღამის მოვლენებს და სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ კონკრეტულ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
ამასთან, პრემიერმინისტრმა განმარტა, რომ გამოძიების პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი.
„რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. მე კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო – ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართული არის სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსაფრენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები