საქსტატის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ლარის კურსის რყევებმა მაისის თვეში ივნისის თვის ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
„ეს, გარკვეულწილად, კავშირშია და, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ უარყოფით გავლენას. თუ ფასების ინდექსი გაიზრდება, შესაბამისად, ნომინალური ზრდის მიუხედავად, რეალური ზრდა შედარებით დაბალი იქნება და ეს აისახება საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.