პროკურატურა: არსებობს საფრთხე, მელიამ გამოკითხულ და გამოსაკითხ მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის თქმით, დეპუტატ ნიკა მელიას სხვა საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული, რა დროსაც მან რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა. როგორც მან პარლამენტში ორი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მელიას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად.
„ნიკა მელიამ სავარაუდო დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც სხვა საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მოწმობს, რომ ნაკლებად მკაცრმა ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა. მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. ბრალდებული მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, ასევე, სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით და მისი გამოყენებით 2017-2018 წლებში ექვსჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მხედველობაში ვიღებთ რა ბრალდებულის საზღვარგარეთ ვიზიტებს, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობასა და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების ფაქტს, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელიას თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას.
გასათვალისწინებელია, რომ ნიკანორ მელიას ბრალი ედება შემდეგში – მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, ნიკანორ მელიამ გამოკითხულ და გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა; შევიდეს მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენებები. მოწმეთა შორის მისი მომხრეებიც არიან“, – განაცხადა გულუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები