პროკურორი: მელიას ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა იმ საფუძვლებზე ისაუბრა, რომლითაც პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას ასაბუთებს.
„ნიკანორ მელიას ბრალი ედება, იმაში, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მისი თქმით, ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობით სასჯელის სახით უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით.
„მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. ბრალდებული მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე ასევე სარგებლობს დიპლომატიური პასოპორტით და მისი გამოყენებით 2017-2018 წლებში ექვსჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მხედველობაში ვიღებთ რა ბრალდებულის საზღვარგარეთ ვიზიტებს, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობას და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების ფაქტს, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელიას თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას, საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მან ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაული ნიკა მელიამ იმ დროს ჩაიდინა, როდესაც მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოა გამოყენებული, რაც გულუაშვილის თქმით მოწმობს, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ, ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა და აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა.
„გასათვალისწინებელია, რომ ნიკანორ მელიას ბრალი ედება, იმაში, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, არსებობს საფრთხე ნიკანორ მელიამ გამოკითხულ და გამოსაკითხ მოწმეებზე მოახდინოს ზეგავლენა, შევიდეს მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენებები“, – განაცხადა გულუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მოწმეთა შორის მისი მხარდამჭერებიც არიან.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შემდეგ, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები