გიორგი კახიანი: ხვალ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე იმსჯელებს

„ხვალ პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, პარლამენტმა იმსჯელოს ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.
მისივე თქმით, პასუხისგებაში მიცემა არ არის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია, ეს არის გენერალური პროკურატურის უფლებამოსილება.
„ამ შემთხვევაში, რა მონაწილეობას იღებს პარლამენტი, განვმარტავ. მოგეხსენებათ, პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით, იმუნიტეტი ვრცელდება დაკავებასა და ჩხრეკაზე. ანუ პროკურატურა ვერ განახორციელებს პარლამენტის წევრის დაკავებას ან ჩხრეკას პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამჟამად, პროკურატურისგან შემოსულია თხოვნა, რომ დროებით შეუჩერდეს ნიკანორ მელიას იმუნიტეტი. პარლამენტი ამ საკითხზე, ბუნებრივია, იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თავად პროცედურა შემდეგია: მაშინ, როცა ბიურო განსაზღვრავს კომიტეტს და ეს იქნება საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები, მოხდება ამ საკითხის განხილვა, ვინაიდან ძალიან მჭიდრო ვადებში ვართ მოქცეული. ვფიქრობ, საკომიტეტო განხილვა ხვალ დილითვე ჩატარდება. ამასთან, ხვალვე პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა იმსჯელოს მისთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე
გამომდინარე იქედან, რომ ეს შუამდგომლობა მხოლოდ ახლა შემოვიდა პარლამენტში, რამდენიმე წუთის წინ. ცხადია, ამაზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ზოგადად, საზოგადოებას აქვს ინფორმაცია და ნახა, ნიკანორ მელია რა მონაწილეობას იღებდა ამ საპროტესტო აქციის დროს. არ დავიწყებ შეფასებებს, რა გააკეთა. შემიძლია, ასევე, გითხრათ, დამატებით პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული პარლამენტში, მათგანაც მოვისმენთ დამატებით, თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს. ეს არ იქნება საკითხის განხილვა, რომელზეც ვიმსჯელებთ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რადგან ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. არ გამოვრიცხავ, პარლამენტმა ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკანორ მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები