ირაკლი ზარქუა: ვინც საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა, დასასჯელია

“პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები და მათი გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს”, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ყველა დამნაშავე პირი უნდა დაისაჯოს, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.
„მე არ დავიწყებ აქედან იმის ახსნას, რა მოხდა, რადგან ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ – ისევე, როგორც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, პარლამენტში განვითარებული მოვლენები დავგმეთ. პასუხისმგებლიანი მთავრობა იქცევა ისე, როგორც მოვიქეცით ჩვენ. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატი, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები არის ტრაგედია და იქ, სადაც პოლიციელთა მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება, საკითხი რეაგირების გარეშე არ დარჩება. როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, პროცესი უკვე დაიწყო, რამდენიმე სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა და სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
„მე მინდა, მივმართო მთავრობას – კეთილი ინებეთ და იმ პროვოკატორების მიმართ, ვინც მშვიდობიან, აღელვებულ და გაბრაზებულ ახალგაზრდებს პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდა, გაატარეთ ადეკვატური ღონისძიებები. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ წონასა და პარტიას. ვინც საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა, არის დასასჯელი”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები