ბექა დავითულიანი: ჩვენ ერთად შევძელით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან ნულოვან ბარიერამდე და პოლიტიკურ თავისუფლებამდე მივსულიყავით

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოების პროტესტი, რომელიც რუსი დეპუტატის საქართველოს უმაღლეს ტრიბუნაზე გამოჩენას მოჰყვა, სრულიად გულწრფელი და ჯანსაღი იყო. სამწუხაროდ, მისი თქმით, ამ ჯანსაღი საპროტესტო მუხტით სარგებლობა სცადეს დესტრუქციულმა პოლიტიკოსებმა, გაკეთდა ძალადობის, პარლამენტში შეჭრის მოწოდებები.
„პირველ ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი საქართველოს პარლამენტში, როდესაც რუსი დელეგატი საქართველოს უმაღლეს ტრიბუნაზე დაჯდა. ეს საქართველოს მოქალაქეებისა და ყველა ჩვენგანისთვის აღმაშფოთებელი იყო. ამას საზოგადოების მხრიდან სრულიად ჯანსაღი პროტესტი მოჰყვა, რომელსაც, ცხადია, ჩვენც სრულად ვიზიარებთ”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
როგორც დავითულიანმა განმარტა, საკითხი პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაწილებად უნდა გავყოთ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, მანდატი დატოვა ღონისძიების მასპინძელმა.
„ის რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში, იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომელზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უკვე აიღო. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოყვანის უშუალო ორგანიზატორმა პარლამენტის მანდატი დატოვა. რაც შეეხება პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, ვთვლი, რომ ძალადობის ინსპირაცია მოხდა, რომელზეც დესტრუქციული მოწოდებების ავტორებს პასუხისმგებლობა არ აუღიათ. არც ამ ფაქტებზე, არც უფლებამოსილების გადამეტებაზე ჯერ-ჯერობით სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება არ გაკეთებულა. ჩემი აზრით, აქციის დაშლის დროს კონკრეტულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ერთ ნაწილშიც და მეორე ნაწილშიც ყველა ეს ფაქტი არის გამოსაძიებელი,”- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
ბექა დავითულიანის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობის განწყობის ადეკვატურია, რაც მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩანს.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და ნულოვანი ბარიერი ამოქმედდება. საზოგადოება გაიზარდა და აღარავის პატიობს შეცდომას. ჩვენ ერთად შევძელით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან ნულოვანი ბარიერისა და პოლიტიკური თავისუფლების პროცესამდე მივსულიყავით. მე დარწმუნებული ვარ, ეს მოდელი ქვეყანას დემოკრატიულ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. პარლამენტში ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის წევრს ეყოლება წარმომადგენელი”, – განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება კონკრეტული თანამდებობის პირების გადადგომის საკითხს – მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანა არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, არამედ რევოლუციური ვნებების დაკმაყოფილებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები