ლევან იზორია: ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება

0

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ნეაპოლში, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს. ქართულ დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა.
​როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.
„განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატო-სთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და სამხედრო ხომალდების უფრო მეტ ვიზიტში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატო-ს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებსა და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება.
სტრატეგიულ მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი. შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი – თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე – რამაზ პაპიძე.
​ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი