დავით ჭიჭინაძე: მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცებისა“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება

“მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცებისა“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.
ის რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლნებზეც საუბრობს.
„ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და მე ვერ ვხედავ ვერავის დასჯილს. თუ ეს იყო ძალოვანი უწყებების ბრალი, პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა. თუ, როგორც მთავრობა გვეუბნება, ეს იყო გარკვეული ექსტრემისტურ- პოლიტიკური ძალების ბრალი, მაშინ ისინი უნდა დაისაჯონ. ისე, გახარია ვერც პოლიტიკოსად შედგა იმიტომ, რომ მან არც ადამიანებთან იცის საუბარი, არც ჟურნალისტებთან და მხოლოდ ბოდიშით იფარგლება და როგორც მინისტრიც უიღბლო აღმოჩნდა: 20 ივნისის ღამე, პანკისის მოვლენები, ლგბტ გარშემო მიმდინარე მოვლენები, გაზრდილი კრიმინალი…რაც შეეხება უმრავლესობის განცხადებას ნულოვანი ბარიერის შესახებ – ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიკედლებული იყვნენ სააკაშვილთან იმისათვის, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, ვფიქრობ, დატოვებენ ამ გაერთიანებას და დამოუკიდებლად შეეცდებიან პარლამენტში შესვლას. და სწორედ ამას განიცდის დღეს სააკაშვილი.
პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს ნამდვილად კარგია – ხალხს მეტ არჩევანს სთავაზობ. ანუ, მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცებისა“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება. მეტი არჩევანი კი სხვა არაფერია, თუ არა მეტი სამართლიანობა ქვეყანაში“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები